12/01/2019
თიბისი ბანკი კომპანია „“მაიკროსოფტთან“ ერთად მუშაობს მეტად მნიშვნელოვან პროექტზე - იქმნება ქართული ენის სრულფასოვანი თარგმნითი პროგრამა: ინგლისურიდან ქართულად და ქართულიდან ინგლისურად მანქანური თარგმანის განხორციელებისათვის.
დასრულდა პროექტზე მუშაობის პირველი ეტაპი (2018 წლის იანვარი - აგვისტო): შეგროვებულია 100 000 ინგლისურ-ქართული წინადადება და დაიწყო მეორე ეტაპი (2018 წლის სექტემბერი), ხელოვნური ინტელექტისთვის ქართული ენის „სწავლების“ პროცესი. თსუ ლექსიკოგრაფიულმა ცენტრმა პროექტს გადასცა 50 000 ინგლისურ-ქართული პარალელური წინადადება თავისი ინგლისურ-ქართული პარალელური კორპუსიდან. დანარჩენი მასალა შეგროვდა მოხალისეების დახმარებით. პროექტი სახალხო პროექტია, მასში ბევრი მოხალისეა ჩართული, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს ქართული ენის შემდგომი განვითარებისა და გადარჩენის საქმეში.
რას ნიშნავს ეს პროექტი ჩვენი ენისა და კულტურისათვის?
1. დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა ქართული ენისათვის არის მისი მოქცევა თანამედროვე ტექნოლოგიურ პარადიგმაში, ქართული ენის სრული დიგიტალიზაცია და სრულფასოვანი ქართული მთარგმნელობითი პროგრამის შექმნა.
2. საერთაშორისო ციფრულ მთარგმნელობით პროდუქტებსა თუ პროგრამებში ქართული ენის ინტეგრაცია არის საუკუნის პროექტი და ქართული ენის გადარჩენისა და ყველა თანამედროვე დარგსა თუ სფეროში ქართულისთვის გამოყენებითი ფუნქციის შენარჩუნების ერთადერთი სწორი გზა.
3. ამგვარი პროგრამა შესაძლებელს გახდის ქართული ენის ინტეგრირებას სხვადასხვა ონლაინ- თუ დესკტოპ-აპლიკაციებში, ბლოგებში და სოციალური ქსელის საიტებში.
4. თანამედროვე, ადეკვატური ქართული მთარგმნელობითი პროგრამის შექმნა და ამოქმედება ხელმისაწვდომს გახდის ქართულ ენას ამ ელექტრონული რესურსების უცხოელი მომხმარებლებისთვის, და, რაც ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ხელმისაწვდომს გახდის ქართველი ინტერნეტ-მომხმარებლებისთვის ხსენებულ რესურსებს და მათზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას.
5. ეს ინფორმაცია შეიძლება ეხებოდეს მეცნიერების, ხელოვნებისა და სპორტის დარგებში თუ საერთაშორისო სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების სფეროში განვითარებულ უახლეს მოვლენებს, მიღწევებსა და აღმოჩენებს. ზედმეტიც კია იმის აღნიშვნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამგვარ ინფორმაციაზე წვდომა ქართველი ახალგაზრდობისთვის, მთლიანად ინტერნეტის მომხმარებელი ქართული საზოგადოებისათვის.
TBC - თიბისი