31/07/2026
"შენი პროექტი არც კი მინახავს, მაგრამ გეტყვი, რატომ არის ის იდიოტობა. შენ კი AI ის ილუზიებში ხარ ჩაძირული და ფსიქოზი (Sycophancy) გჭირს."
Facebook-ზე ჩემი ერთ ერთი დასრულებული ღია პროექტის შესახებ ინფორმაცია და დემო გავაზიარე. რამდენიმე წუთში გამოჩნდა კომენტარის ავტორი, რომლისგანაც ზუსტად ასეთი ხმამაღალი კრიტიკა მივიღე ჩემი პროექტის შესახებ. კრიტიკა ისე დაიწყო, რომ პროექტი რეალურად არც კი ქონდა გახსნილი და გააზრებული. აშკარად არც ესმოდა, რას აკეთებდა პროექტი.
როცა ტექნიკურ თემებზე, Threat Model-ზე, Web Workers-ზე და უსაფრთხოების არქიტექტურაზე არგუმენტირებული პასუხი გავეცი, საუბარი სრულიად სხვა მიმართულებით გადაიტანა ნაცვლად იმისა რომ თავისი პოზიცია დაეცვა სწორი არგუმენტებით. პროექტის ნაცვლად იმაზე დაიწყო საუბარი „AI-ით რატომ პასუხობ, საკუთარი აზრი არ გაგაჩნიაო“.
ამ ეტაპზე გადავწყვიტე ონლაინ კამათის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა. ამიტომ პირდაპირ შევთავაზე: თუ სურვილი ჰქონდა, შეეძლო დაერეკა ან პირადად შევხვედროდით და ისე გვესაუბრა. პასუხად კი „ავადმყოფი ხარ იმენა 😭“ და ბლოკი მივიღე.
წარმოიდგინეთ, ასეთ კომენტარს რომ ახალბედა ან საკუთარ შესაძლებლობებში ჯერ კიდევ დაურწმუნებელი დეველოპერი ან თუნდაც სხვა სფეროს წარმომადგენელი წააწყდეს რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს თავის სფეროში. დიდი შანსია, საკუთარ თავში ეჭვი შეეპაროს ან საერთოდ აღარ გაბედოს თავისი ნამუშევრის გაზიარება ან თუნდაც სრულად წაშალოს ის პოსტი.
ამ ისტორიას იმიტომ ვაზიარებ, რომ, ჩემი აზრით, ის განსაკუთრებით გამოსადეგი შეიძლება იყოს ნებისმიერი სფეროს დამწყებისთვის.
არასოდეს აჰყვეთ ბრმად სხვის აზრს, თუნდაც ის თქვენს სფეროში გამოცდილი ადამიანი იყოს. ყოველთვის ეცადეთ, ზუსტად იცოდეთ, რას აკეთებთ და რატომ აკეთებთ. როდესაც საკუთარ გადაწყვეტილებებს არგუმენტებით ამყარებთ, თქვენი ნამუშევრის დაცვაც შეგიძლიათ და სხვისი გავლენის ქვეშაც არ მოექცევით.
კრიტიკა აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ მაშინ არის ღირებული, როცა ფაქტებს, ცოდნასა და არგუმენტებს ეყრდნობა. ავტორიტეტი არასოდეს უნდა იყოს ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საკუთარ ნაშრომში ეჭვს შეიტანთ.
ჩემი აზრით, დღეს პროგრამირების მთავარი ღირებულება აღარ არის მხოლოდ სინტაქსის ხელით აკრეფა. რეალური ღირებულება მოდის არქიტექტურიდან, სისტემური აზროვნებიდან, ლოგიკიდან, უსაფრთხოების სწორად დაგეგმვიდან და პრობლემების გადაჭრიდან. ძლიერი ინჟინერი არ არის ის, ვინც ყველა ხაზს ხელით წერს; ძლიერი ინჟინერია ის, ვინც სწორ ინსტრუმენტს სწორ დროს იყენებს და უკეთეს შედეგს ქმნის.
სწორედ ამიტომ, AI-ს ეფექტურად გამოყენებას სიზარმაცედ კი არა, თანამედროვე საინჟინრო უნარად აღვიქვამ.
ახლა კი მაინტერესებს თქვენი აზრი.
თქვენი აზრით, AI დეველოპერს ზედმეტად დამოკიდებულს ხდის, თუ საშუალებას აძლევს უფრო რთულ პრობლემებზე გადაიტანოს ყურადღება?